2016-11-07 21:29:12
ქალაქის ყველაზე ძველი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები ისევ დახმარების მოლოდინში არიან. ბინა, რომელშიც ამ დროისთვის 8 ოჯახი ცხოვრობს, წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. დაბზარული კედლები და გამოცლილი საძირკველი სახლის მაცხოვრებლების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 19 აპრილს ადგილობრივებს ქალქის მერი ეწვია, დავით ჯიქია სახლის მაცხოვრებლებს შენობის რეაბილიტაციას დაპირდა. „ინფო რუსთავი“ დაინტერესდა რამდენად შესრულდა ქალაქის მერის მიერ 6 თვის წინ გაცემული დაპირება. ადგილზე მისულებს, შენობა გადახურული დაგხვდა, გავარკვიეთ რომ გადახურვის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 11 500 ლარი გამოიყო. ადგილობრივი მოსახლეობა თვითმართველობის მადლობელია, თუმცა ამბობენ რომ პრობლემა ამით არ მოგვარებულა და შენობა კედლებისა და საძირკვლის გამაგრებას საჭიროებს. ავარიული საცხოვრებელი სახლი, შენობის მაცხოვრებლების ერთადერთი პრობლემა არ არის, ბინებში ძირითადად სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, გარდა ამისა ისინი ფართის დაკანონებასაც ითხოვენ.