"პროექტი არ არსებობს" [video]

2020-03-04 21:42:25

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, განხორციელდება თუ არა სამომავლოდ აღნიშნული პროექტი, მთავრობამ უნდა მიიღოს. [ვიდეო/video]

"როგორც ასეთი, პროექტი ჯერ არ არსებობს. პირველადი კვლევები ჩატარებულია და დადებულია დასკვნა, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელია, არის გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული და მთავრობასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სამომავლოდ განხორციელდება თუ არა რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტი", -  განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს კახა კალაძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვლევის დასრულების შემდეგ, ტენდერი რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს მშენებლობაზე 15 თვეში უნდა გამოცხადებულიყო, "ინფო რუსთავმა" 2019 წლის მაისში გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა. ამ განცხადებაზე დაყრდნობით, ტენდერი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უნდა გამოცხადდეს, თუმცა, როგორც ჩანს, პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას.

გარდა ამისა, "ინფო რუსთავმა" ეცადა დედაქალაქის მერისგან მიეღო პასუხები რუსთავი თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის განახლების საკითხზე, თუმცა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უწყებაში ბოლო რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, სიახლე არ აქვთ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები