იყო თუ არა ვირუსით ინფიცირებული სტილისტი

2020-03-03 12:26:06

რუსთავში სილამაზის სალონს დეზინფექცია ჩაუტარეს რამაც პანიკა გამოიწვია.

"ინფო რუსთავს" მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ ერთერთ სალონს, იმის გამო რომ იქ ირანელი სტილისტი მუშაობდა, დეზინფექცია ჩაუტარეს. მათი ინფორმაციით ირანის მოქალაქე სავარაუდოდ ვირუსით იყო ინფიცირებული.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნულ ქუჩაზე 10-მდე სალონი გადაამოწმა და მათი მენეჯერები გამოკითხა. შედეგად გაირკვა რომ, ერთერთი სალონის მენეჯერმა, საკუთარი ნებით გადაწყვიტა სალონისთვის დეზინფექცია ჩაეტარებინა. ასევე დაზუსტდა რომ აღნიშნულ სალონში ირანის მოქალაქე არ მუშაობდა. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ შეესაბამება.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ, რუსთავში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ვირუსის ნიშნებით პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სიმართლეს არ შეესაბამება.