"მათი საქმიანობა ყველაზე დასაფასებელია" [video]

2020-03-03 19:49:52

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, დასუფთავების ჯგუფის თანამშრომელ ქალბატონებს 3 მარტი სამუშაოს შესრულების პროცესში მიულოცეს. მამაკაცებმა ქალბატონებს ყვავილები მიართვეს და დასუფთავების სამუშაოებში მათ მაგივრად ჩაერთნენ.

თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამაც მიულოცა და გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა. [ვიდეო/video]

„ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული – დედის დღე. ვუსურვებ მათ სიხარულით და სიკეთით სავსე ცხოვრებას. დღეს პირადად მივულოცეთ 3 მარტი რუსთავსერვის ცენტრის სამსახურის თანამშრომლებს. ეს ის ქალბატონები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე. ეს ადამიანები სამუშაოს დილის 04:00 საათზე იწყებენ და უკვე მრავალი წლის განმავლობაში მაღალი პასუხისმგებლობით და ერთგულად ემსახურებიან ქალაქს. მათი საქმიანობა ყველაზე დასაფასებელია,“- აღნიშნა გიორგი გოროზიამ.

ქალაქის სისუფთავეზე რამდენიმე ათეული მეეზოვე ქალბატონი ზრუნავს. ისინი რუსთავის მერიის ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები არიან.

საქართველოში, 3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს გამოცხადდა.