სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია რუსთავში

2020-03-02 17:40:41

რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება იგეგმება.

"დღეს იყო შეხვედრა მერიაში, შევხვდით წარმომადგენლებს და მივიღეთ დირექტივა და დავალებები. ამ ეტაპზე დაწყებული არ არის, თუმცა იგეგმება დამუშავება, როგორც შიდა საქალაქო ასევე ადგილობრივი საქალაქო ტრანსპორტის და მუნიციპალურ ავტობუსების. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე დაიწყოს სამუშაოები"- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა დაჩი გიორგაძემ.

რაც შეეხება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს, ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერტრანსი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია ინტერტრანსი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს"- ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანიაში განუცხადეს.

როგორც ინტერტრანსში აცხადებენ, მიკროავტობუსების დამუშავება არასამუშაო საათებში მოხდება ისე რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება.

სადეზინფექციო სამუშაოებს ასევე ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებს აწვდიან.