ქართველების ლეგალური დასაქმება გერმანიაში

2020-03-02 09:55:34

ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

ეს ნიშნავს, რომ კვალიფიციურ მუშახელს ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების საშუალებაც აქვთ. ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.