რა ვითარებაა რუსთავის კლინიკებში

2020-03-01 12:55:09

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მე-3 შემთხვევა დაფიქისრდა. ამ ფონზე რუსთაველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა ხდება ქალაქის საავადმყოფოებში.

გაზრდილია თუ არა ვირუსული ინფექციის ნიშნებით პაციენტთა მიმართვიანობა - ამ კითხვით "ინფო რუსთავი" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და "კლინიკა რუსთავს" დაუკავშირდა.

"კლინიკა რუსთავში" საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 35-40 ადამიანი აკითხავს.

"მომართვიანობა რესპირატორული ინფექციებით არის გაზრდილი, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არაა. ამ პერიოდს ახასიათებს. მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 35-40 პაციენტი შემოდის დღე-ღამეში. სასტაციონარო შემთხვევები არცერთი არ გვქონია, შეიძლება ითქვას, რომ პანიკამ ვერ მოიცვა რუსთაველები", - განაცხადა კლინიკა რუსთავის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.

რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოს, სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ პაციენტთა მიმართვიანობის გაზრდა კლინიკაში არ შეინიშნება.

"სეზონის შესაბამისი მომართვიანობაა. გაზრდილი ნამდვილად არაა. ზუსტი ციფრების თქმა არ შემიძლია, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცდახებ, რომ მიმღებში მომართვიანობა ზომიერია იმ ფონზე, რა ფონიცაა ქვეყანაში და მსოფლიოში", - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა.

როგორც კლინიკებში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯერჯერობით არ დაფიქისრებულა არცერთი შემთხვევა, რომელიც გააჩენდა იმის ეჭვს, რომ პაციენტი კორონავირუსითაა დაინფიცირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI