"ეს ხატიაა 21 წლის", "SOS", "თქვენი დახმარება ჩვენი იმედია", "ნუ ჩაივლი", "გახდი მაგალითი შემდეგი მანქანისთვის", "60 მეტრში ჩვენ გელოდებით", - მსგავსი წარწერებით აბრების გზებზე განთავსება იყო მთავარი იდეა იმ საქველმოქმედო აქციისა, რომელმაც 21 წლის ხატია პარუნაშვილის სიცოცხლე იხსნა. [ვიდეო/video]
ხატიას გასული წლის სექტემბერში ლეიკემია დაუდგინდა და მას საზღვარგარეთ ოპერაციის ჩასატარებლად 100 000 დოლარი ესაჭიროებოდა.
რუსთაველი პაკო გზირიშვილის ორგანიზებითა და ხატიას მეგობრების აქტიური ჩართულობით, საჭირო თანხა შეგროვდა, 21 წლის გოგონამ კი თურქეთში ოპერაცია უკვე ჩაიტარა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.
როგორც საქველმოქმედო აქციების ორგანიზატორი "ინფო რუსთავს" უყვება, მისთვის ინსპირაციის წყარო კომპანია "მაკდონალდსის" მიერ საავტომობილო გზებზე განთავსებული საინფორმაციო აბრები გახდა. საერთო ჯამში ხატიას დასახმარებლად მსგავსი ხასიათის ათობით აქცია ჩატარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე.
ერთი მიზნისთვის გაერთიანებულმა ადამიანებმა მას შემდეგ, რაც საჭირო თანხა შეაგროვეს და ხატიაც თავს უკეთ გრძნობს, გადაწყვიტეს ვიდეო ჩაეწერათ და მადლობა გადაეხადათ თითოეული ადამიანისთვის, რომელმაც 21 წლის გოგონას გადასარჩენად თუნდაც 1 ლარი გაიღო.
"ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, რომ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება. ჩვენ გხვდებოდით ყველგან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გზებსა თუ მაგისტრალებზე. ჩვენი მიზანია თითოეულ თქვენგანს მოგაწოდოთ ხმა და გითხრათ მადლობა. თქვენ ნახავთ და მოისმენთ ისტორიებს, თუ რა ძალაა ხალხში, გვინდა უღრმესი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ვიდეოში.
პაკო გზირიშვილის თქმით, ამ ფორმატის პირველი აქცია გაიმართება ხვალ , 1 მარტს, მცხეთა-საგურამოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, 22 წლის მარი ოთანაძის დასახმარებლად.