ინტერვიუ "დიდი სცენის" გამარჯვებულთან

2020-02-25 12:04:31

"რუსთავი 2" - ის მუსიკალური პროექტის, "დიდი სცენის" გამარჯვებული რუსთაველი ირაკლი კაპანაძე გახდა. ალბათ რუსთაველებისთვის საინტერესოა მისი ემოციები ამ გამარჯვების შემდეგ. გეგმებთან და შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" ირაკლისთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე თქვენთვის საინტერესო კითხვა დაუსვა.

როცა კონკურსის შესარჩევ ტურზე მიდიოდი, იფიქრებდი თუ არა, რომ "დიდი სცენის" გამარჯვებული გახდებოდი?

პროექტში ექსპრონტად გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, მახსოვს პრე ქასთინგზევე გამოვარჩიე ბევრი კარგი მომღერალი, რომელიც მეგონა ათეულში მოხვდებოდა, თუმცა ჩემზე არ მიფიქრია, არამცთუ გამარჯვებაზე.

რა იგრძენი, როცა არხის გენერალურმა დირექტორმა გამარჯვებულის დასახელებისას შენი სახელი და გვარი გამოაცხადა?

ვიგრძენი, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მორჩა და დრო იყო პირველ რიგში ჩემს თავთან მეღიარებინა, რომ მე ეს შევძელი.

რას ნიშნავს შენთვის ამ კონკურსში გამარჯვება?

გამარჯვება ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ლოგიკურია, თუ ხალხისა და ჟიურის რჩეული ხარ, შენგან მეტს მოელიან, და თუ ეს მოლოდინი ვერ გაამართლე, იმედგაცრუებაც შესაბამისად დიდია. ამ პროექტში გამარჯვება ნიშნავს რომ ამ ეტაპს სხვა მოსდევს, სხვა უფრო დიდი აუდიტორია.

როგორი იყო პირველი დილა "დიდი სცენის" გამარჯვებულის ამპლუაში?

ჯერ ბოლომდე ვერ გავაანალიზე, რომ პროექტში მოვიგე. მახსოვს პატარა რომ ვიყავი და სხვა იმარჯვებდა, ყოველთვის მის ადგილას წარმოვიდგენდი ხოლმე თავს, თუმცა ახლა მიჭირს ამის გააზრება

"დიდი სცენის" რამდენიმე თვიანი ეპიზოდი შენს ცხოვრებაში არის...

ძალიან კარგად დამამახსოვრდება ის გზა, რომელიც გავიარე არა მარტო, არამედ კონკურსანტებთან ერთად, რომლებიც ჩემთვის, პირველ რიგში, მეგობრები იყვნენ, შემდეგ კი კონკურენტები.

შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტური და სიმღერა, რომელიც შეასრულე?

ფინალური ტურის ''Every breath u take'', რადგან ორკესტრთან ერთად ვასრულებდი ამ გენიალურ მუსიკას და ეს იყო კონკურსის საბოლოო ნომერი.

რა გეგმები გაქვს ახლა და შეიცვალა თუ არა შენი გეგმები 24 თებერვლის ღამის შემდეგ?

ჩემი გეგმები მუსიკასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, უბრალოდ ეს პროექტი ჩემთვის იყო ტრამპლინი, რომელიც დამეხმარება ჩემივე მუსიკის რეალიზებაში

მოგიტანა თუ არა ცნობადობა "დიდმა სცენამ", მაინტერესებს გცნობენ თუ არა ქუჩაში?

პროექტის განმავლობაში გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და შევიძინე ადამიანური ურთიერთობები, რაც უმნიშვნელოვანესია. სასიამვნოა ის ფაქტიც, რომ თანამოქალაქეები მცნობდნენ და კონკურსში წარმატებებს მისურვებდნენ

რა როლი ითამაშა მშობლიურმა ქალაქმა ამ გამარჯებაში?

რუსთავის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. როგორც ვიცით, აქ "ყველა ყველას იცნობს'', ამიტომაც ძალიან ბევრ მათგანთან მივიდა ხმა, რომ კონკურსში (ფინალშიც) ორი რუსთაველი მონაწილეობდა.