მერიაში თურქ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა [photo]

2020-02-24 14:01:52

რუსთავის მერიაში, თურქეთის ქალაქ აიდინის კერძო სკოლის "დეიშენ კოლეჯი"-ს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის კერძო სკოლა მილენიუმმა, ქალაქ აიდინის სკოლა "დეიშენ კოლეჯ"-თან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში თურქი მოსწავლეები რუსთავში, სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.

"სტუმრები გვყავს ქალაქ აიდინიდან. 1 წელია უკვე, რაც ვმეგობრობთ. პროგრამა გვაქვს ძალიან საინტერესო და დატვირთული. გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენც მიწვეული რომ ვიყავით გვყავდა ბავშვები ოჯახებში და ახლა საპასუხო ვიზიტი აქვთ. მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის მერიას და თურქეთის საელჩოს", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნანა ლეკვეიშვილმა.

უცხოელი სტუმრები ქალაქში 8 დღის განმავლობაში დარჩებიან.

"მთელი კვირა გაწერილი გვაქვს სხვადასხვა კონკურსები გვაქვს, ხვალ გვექნება იტელექტუალური შეჯიბრი. ჩვენ ინგლისური ენის კვირეულს დავამთხვიეთ მათი ვიზიტი და სხვადასხვა აქტივობებს ვთავაზობთ ინგლისური ენის განხრით, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთერთი მიზანი ამ ბავშვების ურთიერთობის, არის ინგლისური გაირღმავონ, ისაუბრონ ერთმანეთთან", - განაცხადა სკოლის კათედრის ხელმძღვანელმა ნინო ბაქრაძემ.

გაცნობითი სახის შეხვედრაზე, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ თურქ სტუმრებს, ქალაქის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენი მეზობელი ქვეყანაა თურქეთის რესპუბლიკა. ჩვენ თურქეთის ქალაქი გვყავს დამეგობრებული ინეგოლი, სადაც სხვადასხვა სფეროებია განვითარებული. კერძო სკოლა მილენიუმმა გადაწყვიტა დამოუკიდებლად დამეგობრებულიყო, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ აიდინის ერთ-ერთ კერძო სკოლას. ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი აქვს თურქეთს, როგორც განათლების კუთხით, სამედიცინო კუთხით და მე ვფიქრობ რომ არ არის ცუდი მეზობელ ქვეყანასთან გვქონდეს ეს ურთიერთობა, რასაც გამოცდილება და ურთიერთთანამშრომლობა ჰქვია", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.