ირაკლი კაპანაძე დიდი სცენის გამარჯვებულია

2020-02-24 00:28:04

"დიდი სცენის" პირველი სეზონის გამარჯვებული ირაკლი კაპანაძე გახდა. 19 წლის რუსთაველ მომღერალს დეველოპერული კომპანია "ბინადარისგან" საჩუქრად 2 ოთახიანი ბინა გადაეცა.

მუსიკალური შოუს ფინალური ეტაპის 3 მონაწილიდან 2 რუსთაველი იყო. 20 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ცოტნე გელოვანი მესამე ადგილის მფლობელი გახდა და სხვადასხვა საჩუქარი მიიღო, მათ შორის საგზური ბარსელონაში და ალიშა ქისის კონცერტის დასასწრები ბილეთები.

პროექტში ხმების მიხედვით მეორე პოზიცია მარიამ ქაჯაიამ დაიკავა, მას საჩუქრად ავტომობილი გადაეცა.

დღეს მაყურებელმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში "დიდი სცენის" კონკურსანტების მიერ შესრულებული 2-2 სიმღერა მოისმინა. ფინალური ეტაპის პირველი ნაწილი ლეგენდარულ გია ყანჩელს მიეძღვნა, მეორე ნაწილში კი კონკურსანტებმა უცხოენოვანი სიმღერები შეასრულეს.

ირაკლი კაპანაძემ ყანჩელის ტურში ყველასათვის ცნობილი სიმღერა "ქარი ქრის", ხოლო უცხოენოვანი სიმღერების ტურში The Police-ს "Every Breath You Take" იმღერა.

ირაკლი კაპანაძის გამარჯვება, შეიძლება ითქვას, მაყურებლისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ირაკლი აშკარად გახლდათ "დიდი სცენის" ლიდერი და ის კონკურსის განმავლობაში არაერთხელ გახდა მაყურებლისა და ჟიურის რჩეული.

ირაკლი კაპანაძეს და ცოტნე გელოვანს მშობლიური ქალაქი ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა. "ინფო რუსთავმა" მათ შესახებ სტატია ჯერ კიდევ მაშინ მოამზადა, როცა რუსთაველმა ბიჭებმა შესარჩევი ტური გაიარეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. რაც შეეხება პროექტის გამარჯვებულს, ირაკლი ჩვენთან საუბარში აცხდებდა, რომ მისი მთავარი მიზანი სოლო კარიერის მოწყობა იყო, რის შანსსაც "დიდი სცენა" აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებული მაყურებლის ზარებისა და ჟიურის ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.