ვის გაეზრდება რუსთავში დასუფთავების გადასახადი

2020-02-22 14:52:02

ქალაქ რუსთავის მერიის ინიციატივით საკრებულოს კომიისის სხდომაზე წარადგინეს წინადადება, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირების გარკვეულ კატეგორიას დასუფთავების გადასახადი გაეზრდებათ.

ცვლილება ძირითად ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უფრო მეტად წარმოქმნიან ნარჩენს და გაზრდილია მათი მხრიდან ნარჩენების წარმოქმნა.

ამ სიაში შედიან, ბანკები, სააფთიაქო ქსელები, სამრეწველო დანიშნულების მაღაზიები, ავტო-სატრანსპორტო სამრეცხაოები და ტექნიკურად გასამართი დანიშნულების პუნქტები, ასევე ავტოგასამართი სადგომები. მათ გადასახადი ერთ კვადრატულ მეტრზე 25 თეთრამდე გაეზარდათ.

დასუფთავების გადასახადის გაზრდა ამ ორგანიზაციებისთვის განპირობებულია მათი მხრიდან წარმოებული ნარჩენების რაოდენობის ზრდით.

"გაზრდილი გადასახადებიდან შემოსული თანხები მოხმარდება ისევ ამ სერვისის გაუმჯობესებას, ვინაიდან ნარჩენების მართვის გეგმით ჩვენ გვაქვს უამრავი ვალდებულება აღებული ქალაქის წინაშე. ამ გეგმას შესრულება უნდა, შესაბამისი ფინანსები უნდა და ვფიქრობ მომსახურების გაუმჯობესებით შევძლებთ, მივღოთ საუკეთესო სისტემა"- განაცხადა მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ.

გარდა ამისა, დასუფთავების გადასახადი დაენიშნებათ იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული კონკრეტულ ბინაში და იქ ქირით ცხოვრობენ. ნინო ნიკოლავას განცხადებით, ქალაქში ქირით მცხოვრებთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაზრდილია. ისინი წარმოქმნიან ნარჩენს, მაგრამ იმის გამო, რომ არ არიან კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული დასუფთავების გადასახადსაც არ იხდიან. ასეთ შემთხვევაში გადასახადები ფიზიკურ პირებს ფაქტობრივი საცხოვრებელი მიხედვით დაენიშნებათ, რაც განისაზღვრება ბინაში მცხოვრები პირების რაოდენობით.

თუ ოჯახში ცხოვრობს ერთი პირი გადაიხდის ერთი ადამიანის დასუფთავების გადასახადს, ხოლო ოთხი ან მეტის შემთხვევაში გადასახადი ოთხ ადამიანზე ანგარიშდება.