რუსთავში ახალი ტაძარი აკურთხეს [video]

2020-02-18 14:17:03

რუსთავის ეპარქიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ფერისცვალების სახელობის ეკლესია ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აკურთხა. [ვიდეო/video]

"რამდენიმე წელია ეს ტაძარი შენდება და დაგვირგვინდა ეს მშენებლობა. ყოველი ტაძარი ღვთის წყალობით, ღვთის მადლით, აგებული კიდევ ერთი წყაროა მადლის ადამიანისთვის, ყველა უბანს თავისი ტაძარი აქვს. რომ არ მოიმიზეზონ შორს არის და ვერ წავედიო, აი აქვე არის"- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.

ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი შალვა შალვაშვილი იქნა დადგენილი.

"დღეს ტაძარი იკურთხა და აღევლინა საზეიმო წირვა-ლოცვა, ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით. უკვე სამი წელია მის მშენებლობას ვხელმძღვანელობ. ტაძრის მშენებლობა მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო"- განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა  შალვა შალვაშვილმა.

ეკლესიის კურთხევას და საზეიმო წირვა-ლოცვას ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა.

აღნიშნული ტაძარი რუსთავში რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა. ფერისცვალების სახელობის ეკლესია შემოწირულობებით აშენდა.