მილიონი ლარი ახალგაზრდული პროექტებისთვის

2020-02-18 13:50:03

ახალგაზრდული სააგენტო საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით 1 მილიონი ლარის საგრანტო კონკურს აცხადებს.

თანხა საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება. ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა რუსთავშიც გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციები გაძლიერება, სწორედ ამიტომ სააგენტომ დაიწყო ახალი საგრანტო კონკურსი, რომლის ფონდი არის მილიონი ლარი.ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს, ვხვდებით ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და ვესაუბრებით მათ თუ რა მიზნით შეუძლიათ მათ თანხის მიღება"- ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ქრისტინე კაპანაძემ.

ახალგაზრდებმა და ორგანიზაციებმა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის გრძელვადიანი და განმეორებადი პროექტები უნდა წარადგინონ, რომელთა მიზანიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების კომპეტენციის ზრდა და მათი ადგილობრივ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჩართვაა. საერთო ჯამში თითოეულ რეგიონში 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსება იქნება შესაძლებელი.