ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის ძირითადი რუსთაველი სუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსება იყო.
რუსთაველ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი სრული ოდენობით და მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81-ს შეადგენს, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად, 60 ლარით დაფინანსდებიან.
"რუსთავის მუნიციპალიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველ და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების მგზავრობის საფასურს, რასაც ქვია სტუდენტების წახალისება, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ წრეს შეემატონ ის სტუდენტები, ვინც სარგებლობენ სრული სახელმწიფო დაფინანსებით და სწავლობენ ე.წ უფასო ფაკულტეტებზე, ასევე სტუდენტები რომლებმაც ეროვნულ გამოცდების შედეგად მიიღეს 100%-იანი დაფინანსება და დღეს მათი აკედემიური ქულა არის 81 და მეტი.
ყველა ის სტუდენტი, რომელიც სწავლობს კომერციულ თუ სახელმწიფო დაწესებულებაში და აქვს 81-ზე ზევით აკედემიური შეფასება მიიღებს წახალისებას რუსთავის მუნიციპალიტეტიდან 60 ლარის ოდენობით" - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ განაცხადა.
"არ დაგვავიწყდეს ის ეტაპი როდესაც ქულათა მაქსიმუმი სტუდენტების დაფინანსების პროგრამაში 81-მდე გაიზარდა. პირველ ეტაპზე მხოლოდ 800 ლარით ხდებოდა დაფინანსება, ჩვენ დღეს უკვე ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს დავაფინანსოთ სტუდენტთა სწავლა 800-დან 1200-ლარამდე, დიფერენცირებულია ქულათა რაოდენობა. ზუსტადაც ამ პროგრამის შედეგმა გადაგვაწყვეტინა გვეზრუნა სტუდენტთა ტრანსპორტირების საკითხზე.
ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპისთვის იქნება სტარტაპივით საცდელი ვარიანტი თუ როგორ იმუშავებს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია ის სტუდენტები ვისაც ექნება 81 და მეტი ქულა, ჰქონდათ საშუალება რომ კარგი სწავლით ჩაებარებინათ და მოეპოვებინათ 100%-იანი გრანტი ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებელში იქნებიან დაფინანსებულები ტრანსპორტირების ღირებულებით. აღნიშნული თანხა თვეში შეადგენს 60 ლარს" - სტუდენტების ტრანსპორტირების დაფინანსებასთან დაკავშირებით რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
აღნიშნული საკითხი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს და კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.
სხდომას საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯღარკავა უძღვებოდა.