რუსთავში "კარფურის" მშენებლობა დაიწყო [photo]

2020-02-15 00:40:56

რუსთავში ჰიპერმარკეტ "კარფურის" მშენებლობა დაიწყო.

ამ ეტაპზე შარტავას გამზირზე საძირკველის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში კეთდება ღობე. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამშენებლო სამუშაოებს შ.პ. ს "ანაგი" აწარმოებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლემა ინფო რუსთავს განუცხადა, მშენებლობა 1 წელში დასრულდება. კომპანიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივები დასაქმდებიან.

საერთო ჯამში დაგეგმილია 60 ადამიანის დასაქმება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მაღაზიებში დაახლოებით 200 ადამიანი იმუშავებს.

"ეს იქნება ბოლო პერიოდის ერთერთი დიდი ინვესტიცია რუსთავში. კომპანია დაახლოებით 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ბაზრის შესწავლის შედეგად გადაწყვიტეს რომ ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობას რუსთავში პერსპექტივა ექნება. ზოგადად ქალაქი განვითარების გზაზეა, მოიმატა მოსახლეობის რაოდენობამ და ასევე ეკონომიური მდგომარეობაც სტაბილურია", - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც კარფური აითვისებს 16 000 მ2.

ობიექტი ერთასრთულიანი იქნება, მას ექნება მიწისქვეშა პარკინგი სადაც ავტომობილები შარტავას გამზირიდან შევლენ.

 -1 სართულიდან მომხმარებლები პირველ სართულზე ესკალატორით ავლენ. სავაჭრო ცენტრის სიმაღლე მიწიდან 8 მეტრი იქნება.

ინფო რუსთავისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კარფურის შენობაში რამდენიმე ცნობილი ბრენდი განთავსდება, იქნება კაფე-ბარები და გასართობი სივრცეები.

შეგახსენებთ რომ სავაჭრო ქსელი "კარფური" ამ დროისთვის მეგობრობის გამზირზე არსებულ შენობაში განთავსდა, როდესაც შარტავას გამზირზე ცენტრის აშენება დასრულდება შესაბამისად კომპანია მისამართს შეიცვლის.