რუსთავში ლიფტების რეაბილიტაცია დაიწყო

2020-02-14 13:26:51

საპილოტე პროგრამის ფარგლებში რუსთავის მე-19 მიკრორაიონში 12 პრიმის მეორე სადარბაზოს ლიფტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

''ააიპ რუსთავის კორპუსმა" კორპუსის ამხანაგობას ლიფტისთვის საჭირო მასალები გადასცა: მართვის პულტი, მიმყოლი კაბელი, შლეიფი, ლიფტის ძრავა, რედუქტორი, გამოძახებისა და კაბინაში სართულის ნომრების ღილაკები.

"ლიფტისთვის საჭირო მასალების შესყიდვაში დაიხარჯა 9 ათასი ლარი. ამხანაგობამ უზრუნველყო ხელშეკრულების დადება შემსრულებელ ორგანიზაციასთან, რომელმაც ყველაფერი დაამონტაჟა. ლიფტი არის ტექნიკურად გამართული, რაზედაც ინფექტირების ჯგუფის სერთიფიკატი მოწმობს."- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას "ააიპ რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელმა ზვიად ლაბაძემ.

ამ პროექტის ფარგლებში რუსთავში პირველ ლიფტს უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სხვა კორპუსების ამხანაგობასაც საშუალება აქვს, თუკი დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, მიმართოს თავიანთი ლიფტის შეკეთების მიზნით ააიპ რუსთავის კორპუსის. პროექტის ფარგლებში რუსთავის მერიისგან მიიღებენ ლიფტისთვის საჭირო დანადგარებსა და მასალებს, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის თანხის მოძიება უკვე თავად კორპუსის ამხანაგობას და მაცხოვრებელს მოუწევთ.

ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდეა გამოყოფილია და წლის განმავლობაში 10-15 ლიფტის რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი.

რუსთავის მასშტაბით სულ 283 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია სადაც ჯამში 1128 ლიფტია განთავსებული.