რუსთავის "რუსთავს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

2020-02-13 19:56:33

საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ბადრი მაჭავარიანი ამ პოსტზე იოსებ შველიძემ შეცვალა.

მაჭავარიანმა დაახლოებით 5 წლიანი მოღვაწეობა გუნდში პირადი განცხადების საფუძველზე, 30 იანვარს დაასრულა, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო.

"ინფო რუსთავმა" ბადრი მაჭავარიანს ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება მისი თანამდებობიდან წასვლა გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებს. როგორც მაჭავარიანმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, გუნდის სპორტული შედეგები კავშირში არ იყო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე დარღვევასთან ან გადაცდომასთან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, პასუხისმგებლობის აღება არცთუისე სასურველ შედეგებზე მაინც ხელმძღვანელი პირისგან გახდა საჭირო.

რუსთავის "რუსთავის" ახალი ხელმძღვანელი პროფესიით ფინანსისტი და იურისტი, 46 წლის იოსებ შველიძეა. იოსებ შველიძე ფიქრობს, რომ ამ პოზიციაზე მისი მენეჯერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე დაინიშნა. როგორც საფეხბურთო კლუბის ახალი ხელმძღვანელი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი გუნდის კომერციულად უფრო მიმზიდველის გახდა იყო.

საფეხბურთო კლუბის ახალი ხელმძღვანელი ამ ეტაპზე რუსთავის "რუსთავში" რეორგანიზაციას არ გეგმავს.