ურთულესი ოპერაცია "კლინიკა რუსთავში" [video]

2020-02-12 21:16:25

"კლინიკა რუსთავში" ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა - სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცს მარჯვენა ზედა კიდური შეუნარჩუნეს. [ვიდეო/video]

ოპერაციის დროს, რომელიც კლინიკაში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სხეულთან კანის ნაფლეთით დაკავშირებული კიდურის რეპლანტაცია მოხდა.

ურთულესი სამედიცინო შემთხვევა "კლინიკა რუსთავის" ანგიოქირურქიული მიმართულების ხელმძღვანელის, მინდია ბოცვაძის ოპერატორობით წარიმართა.

"ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში ურთულესი ტრავმით. მარჯვენა ზედა კიდურზე მას დაეცა მორი. აღნიშნულ კლინიკაში ეს პაციენტი ნანახი იქნა ჩვენს მიერ და იმის გამო, რომ ამ მოცულობის ოპერაციის გასაკეთებლად შესაბამისი პირობები აქვს კლინიკა რუსთავს, პაციენტი გადმოყვანილი იქნა სწორედ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში. გაკეთდა სრულმოცულობიანი, აღდგენითი ოპერაცია, კიდურის რეპლანტაცია. ამ ოპერაციაზე მუშაობდა ანგიო, მიკრო-ქირურგების და ტრავმატოლოგების 2 ჯგუფი. ჩართული იყო რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის სამსახური სრული მობილიზაციით. მოხერხდა კიდურის რეპლანტაცია, აღდგა სისხლის მიმოქცევა კიდურში სრულად. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და ის რჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ", - გააცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში მინდია ბოცვაძემ.

ოპერაცია, რომელიც "კლინიკა რუსთავში" ჩატარდა, სისხლძართვთა, მიკრო-ქირურგიაში და ტრავმატოლოგიაში ითვლება ურთულეს და უიშვიათეს სამედიცინო შემთხვევად. "კლინიკა რუსთავში" მსგავსი ტიპის რეპლანტაცია პირველად განხორციელდა.