ქალაქის მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა

2020-02-03 14:27:59

ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგოტნიძე, რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, დირექტორებმა, სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრეს და პრიორიტეტები დაასახელეს.

"ჩვენ დავიწყეთ საუბარი სკოლებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულისთვის გვქონდეს მზა პროექტები. აქ მთავარი დეტალი არის განსახილველი, ის, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლებს, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი შემოსავალი, ვაუჩერიზაციის კუთხით უჭირთ თავის პროექტების შეძენა. რაოდენობიდან და შემოსავლებიდან გამომდინარე მოხდა დაყოფა სკოლების, სადაც პროექტების ნაწილს შეიძენს რუსთავის მუნიციპალიტეტი, ნაწილს კი -სკოლები. ერთობლივად პრიორიტეტების მიხედვით, რასაც სკოლა თვლის საჭიროდ, მოვახდენთ ამ სამუშაოების შესრულებას ზაფხულში", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, სკოლებში, სველი წერტილები, შიდა დარბაზები, საკლასო ოთახები, დერეფნები და გარე სპორტული მოედნები მოეწყობა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, 23 საჯარო სკოლაზე გადანაწილდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური განვითარების ფონდი #25 და #26 სკოლის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს, აღნიშნული სკოლები გამოაკლდებიან ინფრასტრუქტრულ პროექტებს.