იმ ფონზე, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და როცა აქტიურად მიმდინარეობს ამ ვირუსის საქართველოში შემოღწევის საფრთხეზე საუბარი, მოსხლეობისთვის განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო ხდება მისგან და სხვა ტიპის ვირუსებისგან თავის დაცვის შესახებ ინფორმაციის მიღება. დაინფიცირებისგან თავდაცვაზე საუბრისას კი, პირველ რიგში, გვახსენდება სამედიცინო ნიღაბი.
მისი დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს. სამედიცინო ნიღბის სწორად ტარების წესებზე "ინფო რუსთავი" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციონისტს ნანა გელაშვილს ესაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ ინფექციონისტის რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და მისგან საჭირო ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ:
1. ვირუსების პერიოდში ყოველთვის უნდა ატაროთ პირბადე ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში, ქუჩაში ნიღბის ტარებას რაც შეეხება, აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუ ადამიანი ჯანმრთელია. ხოლო თუ თვითონ არის ინფიცირებული, აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო ნიღაბი. საერთოდ დაავადებული არ უნდა გამოვიდეს გარეთ, მაგრამ თუ მაინც ეს ხდება, ის უნდა ატარებდეს პირბადეს.
2. ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა მაქსიმუმ 4 საათია.
3. პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ.
4. გაიკეთეთ პირბადე ისე რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს, ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული.
ნანა გელაშვილს საინფორმაციო სააგენტო ასევე ესაუბრა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელი მხრიდან ეკეთება ადამიანს პირბადე. ინფექციონისტის თქმით, სამედიცინო ნიღაბი დაინფიცირებულმა თუ ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ატაროს იმ მხრიდან, რომელ მხარესაც პირბადეს აქვს ფორები.