რუსთავის აზოტმა უზენაეს სასამართლოში დავა წააგო

2020-01-30 20:08:43

 სს "რუსთავის აზოტმა" პროფკავშირებთან რამდენიმე წლიანი სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო.

2020 წლის 29 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად სს "რუსთავის აზოტს" სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე, რომლითაც რუსთავის აზოტს მოსარჩელეების სამსახურში აღდგენა დაავალა და 2017 წლიდან მოყოლებული აღდგენამდე, ანუ სამი წლის, სრული ხელფასის ოდენობით 56 მოსარჩელეს კონპესაციები უნდა გადაუხადოს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას პროფკავშირების იურისტმა თამარ სურმავამ, რომელიც ამ წლების განმავლობაში სს "რუსთავის აზოტიდან" განთავისუფლებული ადამიანების უფლებებს იცავდა.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის აზოტის საწარმოს დირექტორს ლევან ბურდილაძესაც დაუკავშირდა.

"სასამართლომ რა დადგენილებაც გამოიტანა ჩვენ დაუყონებლივ შევასრულეთ", - განაცხადა ლევან ბურდილაძემ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 25 იანვარს სს "რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციამ 330-ზე მეტი დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს წესით ედავა. პროფკავშირებთან რამდენიმე წლიანი სასამართლო დავა სს "რუსთავის აზოტმა" ჯერ რუსთავის საქალაქო  სასამართლოში წააგო, რის შემდეგაც საწარმომ საქმე უზენაეს სასამართლოში წაიღო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI