ჩინეთში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

2020-01-23 11:45:07

ჩინეთში გავრცელებულმა ახალმა ვირუსმა 17 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა და ინფიცირების შემთხვევები ამერიკაშიც დაფიქსირდა. დაავადება ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ჩინეთის 7 რეგიონში არ დადასტურებულა. ყველაზე მეტი ინფიცირებული, 444, ვირუსის ეპიცენტრში, უხანში ფიქსირდება. საერთო ჯამში კორონა ვირუსის 600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პრევენციის მიზნით, ჩინეთის მთავრობამ ქალაქ უხანში შესვლითი და გასვლითი მგზავრობა შეაჩერა. ჰონ-კოგმა უხანამდე მიმავალი მატარებლის ბილეთების გაყიდვებიც შეწყვიტა.

ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ ამერიკისა და ბრიტანეთის აეროპორტებშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ მალე გაავრცელებს ინფორმაციას, უნდა გამოცხადდეს თუ არა მაღალი საგანგებო საერთაშორისო მდგომარეობ.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსი შესაძლო გავრცელების წყარო ჩინური კობრა იყოს.

განცხადება ასევე გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ქალაქ უხანში ჩასვლისგან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე, ასევე თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. ადამიანებმა, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს.

"საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება"- ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

შეგახსენებთ, ახალი ვირუსით დაინფიცირების პირველი ფაქტი დეკემბერში დაფიქსირდა. აქამდე მსოფლიო კორონავირუსის 6 სახეობას იცნობდა. ახალი ვირუსის გენეტიკური კოდის გამოკვლევის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ უცნობი ვირუსი კორონავირუსის ახალი სახეობაა. უკვე დადასტურებულია, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადამდებია.