წარწერა, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში განთავსდება, სავარაუდოდ, რუსთაველი კალიგრაფის, ნიკა ღუნაშვილის დიზაინით იქნება შექმნილი. გადაწყვეტილებას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენიმე დღეში მიიღებს.
როგორც "ინფო რუსთავს" ნიკა ღუნაშვილმა განუცხადა, ესკიზების შექმნა დასრულების ეტაპზეა. მისი თქმით, ის მუშაობს როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი წარწერის დიზაინზე.
"ამ კვირაში იქნება შეხვედრა მერიაში და გადაწყდება იქნება თუ არა ჩემი დიზაინით წარწერები დამზადებული. თითქმის ვასრულებ ნამუშევრებს და წარვუდგენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბარში ნიკა ღუნაშვილი.
ნიკა ღუნაშვილი ახალგაზრდა, წარმატებული კალიგრაფია. მისი დიზაინითაა შექმნილი ქართული ანბანი, რომელიც სტრასბურგში მოძრავ ტრამვაიზეა დატანილი.
ქალაქის შემოსასვლელში წარწერა "რუსთავი" 2 ენაზე, ქართულად და ინგლისურად, 30 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება.
თითო ასოს სიმაღლე 2 მეტრის იქნება და დღისით თუ ღამით შორი დისტანციიდანაც გამოჩნდება, ღამე წარწერა განათდება.
ძირითადი კონსტრუქციის ფერი იქნება ნაცრისფერი, ასოების ფერზე კი სავარაუდოდ თეთრი.
კეთილმოეწყობა კონსტრუქციის მიმდებარე ტერიტორია.
პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 909 548 ლარზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სამუშაოები გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.