რუსთაველი მეწარმეების პროტესტი

2020-01-19 20:29:05

რუსთაველი მეწარმეების ნაწილი "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და აცნობა, რომ სახელმწიფო უწყებების სახელით ორგანიზაცია "ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური" მცირე თუ საშუალო ბიზნესების მფლობელებისათვის თანხის მოტყუებით გამოძალვას ცდილობს.

როგორც რუსთავში არსებული ერთ-ერთი კომერციული ობიექტის მეპატრონემ საინფორმაციო სააგენგტოს უამბო, ობიექტებში 2 პირი საჯარო უწყებების სახელით დადის და თანხის სანაცვლოდ მეპატრონეებს გარკვეული სახის თანამშრომლობას სთავაზობს.

"გენერალურ ინსპექციაშიც დავრეკეთ, საგადასახადოშიც, სესშიც და არავინ არაფრის საქმის კურსში არაა, თვითონ კი ამ უწყებებთან აიგივებენ თავიანთ თავს და შეცდომაში შეჰყავთ უბრალო ხალხი. ეს არის კერძო კანტორა, რომელიც სახელმწიფო სამსახურების სახელით დადის და აშინებს ხალხს. ამბობენ, ჩვენ რომ შემოვალთ შემოწმებაზეო, ჩვენს შემდეგ ვერც საგადასახადო ვეღარ დაგაჯარიმებთ და ვერც სესიო. თუ ჩვენს რჩევებს არ გაითვალისწინებთ, მერე მივდივართ ან სესში ან საგადასახადოში და საბუთები, რომლებშიც დარღვევებია დაფიქისრებული, მიგვაქვსო. ჩვენ დროს გაძლევთ და ამ დროში უნდა მოაგვაროთ პრობლემებიო. თან გეუბნებიან, რომ მათთან თანამშრომლობა სავალდებულოა. გაწუხებენ, შეიძლება დღეში ასჯერ მოვიდნენ", - უყვება "ინფო რუსთავს" წყარო.

როგორც ობიექტის მეპატრონემ საინფორმაციო სააგენტოს უამბო, აღნიშნული "თანამშრომლობის" სანაცვლოდ ორგანიზაცია დიდი კომპანიებისგან თვიურად 60-70 ლარს, მცირე კომპანიებისგან კი 30 ლარს ითხოვს. მისივე ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე არსებული ობიექტების მეპატრონეების დიდმა ნაწილმა  "ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა, თუმცა, ამ ადამიანებს იმის ეჭვი, რომ კომპანია სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არაა და არ გააჩნია რაიმეს მოგვარების იურიდიული ძალა, უკვე გაუჩნდათ.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, "ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური" მართლაც არსებობს, თუმცა, მას სახელმწიფო სტუქტურებთან კავშირი არ აქვს. ორგანიზაციის იურისტმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ ახდენენ. მათივე თქმით, კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლების უფლებების დაცვაა. 

"სავალდებულო ჩვენთან თანამშრომლობა არაა, თუმცა სავალდებულოა, რომ მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და სამომხმარებლო ბაზარი იქნეს მოწესრიგებული. დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და ჩვენი სურვილია სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგება და მეწარმის უფლებების დაცვა. მეწარმეებს უფასო კონსულტაციებს ვთავაზობთ უფლებების დაცვის კითხით, თუ რაიმე უკანონობა მოხდება მათ წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, ჩვენი პარტნიორი იქნება თუ არა. არავის ვეუბნებით, რომ აუცილებლია ჩვენთან თანამშრომლობა, უბრალოდ აუცილებელია ვაჭრობის წესები იყოს დაცული. მომსახურების შესაბამისი სტანდარტები უნდა დაიცვან, რა არ უნდა დაიცვან?", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რის საფუძველზე უყენებენ მეწარმეებს კონკრეტულ მოთხოვნებს, თანაც იმ ფონზე, როცა სახელმწიფოში ფუნქციონირებს შესაბამისი უწყებები, გვპაუხობენ, რომ: - "მომხმარებლის უფლებების დამცველები ვართ და რატომ არ უნდა მოვუწოდოთ ვაჭრობის წესების დაცვა. მოქალაქეს არ აქვს უფლება დამნაშავე რომ დაინახოს ის დააკაოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საპოლიციო ორგანოები?".