ლიტერატურული სკვერი რუსთავში

2020-01-17 14:03:37

სიყვარულის სკვერის შემდეგ რუსთავს ლიტერატურული სკვერიც ექნება. იდეის ავტორი ამჯერადაც საკრებულოს წევრი, ამირან ჯანჯღავაა.

ახალი რეკრეაციული სივრცე, მე-8 მიკრორაიონში, სავარაუდოდ ზაფხულში გაიხსნება. ის ქალაქში არსებული სკვრებისგან განსხვავებული კონცეფციით გაკეთდება.

პროექტის თანახმად, ლიტერატურულ სკვერში დამონტაჟდება ლამპიონები, განთავსდება სკამები, რომლებიც ზედხედიდან ქართული ანბანის ასოებს განასახიერებს. იდეის ავტორის თქმით, რეკრეაციულ სივრცეს განსხვავებული ღობე ექნება. ის დეკორატიული ქოთნის ყვავილებით გაფორმდება, ქართული ენის პოპულარიზაციისთვის კი მის გარეშემო ქართული წარწერები იქნება. ასევე დაიდგმება ლიტერატურული თარო, სადაც ზაფხულში წიგნებს განათავსებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ გუმბათსაც, რომელიც სცენის ფუნქციას შეასრულებს.

საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. სკვერის მოსაწყობად რუსთავის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყოფა.