რუსთავის სკოლებში მოსწავლეების სიმცირეა

2020-01-16 11:43:05

რუსთავის სკოლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეების სიმცირეა. მოსწავლეების 50% სკოლაში არ დადის - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მშობლებმა მიაწოდეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის. მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი პოსტგრიპოზულ პერიოდს უკავშირდება. პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან.

"ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით“, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს.

იმნაძე ამბობს, რომ სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიპის ვირუსით ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.