NDI-ის ახალი კვლევა

2020-01-16 10:57:19

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

NDI-მ რესპონდენტებს სხვადასხვა კითხვა დაუსვა. მათ შორის საქართველოში "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს".

გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ ქვეყანაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. მოსახლეობის 19% "ქართულ ოცნებას" ასახელებს. მეორე ადგილზე 13%-ით "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა, მესამეზე-7%-ით კი, "ევროპული საქართველო", ხოლო 6%-მა საკუთარ არჩევანში "ლეიბორისტული პარტია" მონიშნა.

ამავდროულად, კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 19% ამბობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

რაც შეეხება მთავრობის წევრების საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერის კახი კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს. კალაძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა, ყველაზე მეტი, 13% აფასებს.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს. კითხვაზე როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას- 21% პასუხობს, რომ პრემიერი თავის მოვალეობას კარგად ასრულებს, 34% გახარიას საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ ამჟამად ქვეყანაში დემოკრატია არ არის. კითხვაზე "თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დეკომრატია?"- 33% პასუხობს, რომ დიახ, ხოლო 8% ამბობს, რომ არ იცის.