რუსეთის მთავრობა გადადგა

2020-01-15 18:10:18

რუსეთის მთავრობა გადადგა.

ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – აცხადებს მედვედევი.

ვლადიმერ პუტინმა, პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.

მან აღნიშნული თანამდებობის შექმნაზე დღეს, ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

პუტინმა დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაანონსა. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.