ახალი მონაცემები ჰაერის დაბინძურებაზე

2020-01-12 10:32:07

GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერის გამო წელიწადში 8 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს მაჩვენებელი იმაზე მაღალია ვიდრე თამბაქოს მოხმარებით, ალკოჰოლისა და HIV-ით გარდაცვლილთა რიცხვი.

კვლევის მიხედვით ევროპაში 100 000 ადამიანზე დაბინძურებით, მათ შორის ჰაერის, გარდაცვლილი ადამიანების მაღალი მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა და ამ მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი 140 აღწევს.

GAHP-ის ორგანიზაცია 2012 წელს დაარსდა და მისი მიზანია, მსოფლიოს ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს ქვეყნებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

შეგახსენებთ, დეკემბრის თვეში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ჰაერში მყარი ნაწილაკების ოდენობა გაიზომა. შედეგების მიხედვით, რუსთავი, საქართველოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა. მყარი ნაწილაკების, PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება 3.4-ჯერ მეტით დაფიქსირდა, რაც რუსთავისთვის ახალი ანტირეკორდია.