რუსთავში 825 ბავშვს დახმარება გაეზარდა

2020-01-10 13:57:41

რუსთავში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ ბავშვს თვიური დახმარება გაეზარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ განუცხადა, არასრულწლოვანები თვეში 30 ლარის ნაცვლად, 35 ლარს მიიღებენ. ნინო ქვირიას ინფრომაციით, ბოლო რამდენიმე წელია, ბიუჯეტი ამ კუთხით მზარდია და თანხა 5 ლარით ყოველ წელს იმატებს.

სოციალურად დაუცველი, 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი რუსთავში 225-ია, არასრულწლოვანი კი, რომელიც გაზრდილ თანხას მიიღებს, 825.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი რუსთავის მუნიციპალიტეტს მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ პოლიტიკას უწუნებს.

"ინფო რუსთავს" რუსთავში მცხოვრები 4 შვილის დედა, ნინი მამულაშვილი ესაუბრა და უთხრა, რომ მეტად სამართლიანი იქნება, თუ მუნიციპალიტეტში გამიჯვნა მოხდება და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების გასაწევად აუცილებელი კრიტერიუმი სოციალურად დაუცველობა არ იქნება.

"თუ სოციალურად დაუცველი არ ხარ, მერიის მრავალშვილიანობის დახმარებით ვერ ისარგებლებ. მაგალითად, ქუთაისში გამიჯნეს ერთმანეთისგან ეს ორი სტატუსი. მე 4 შვილი მყავს, მაგრამ გარშემო გვყავს  5, 6, 7 და 9 შვილიანებიც, რომლებსაც სოციალურად დაუცველის  სტატუსი არ აქვთ და შეღავათებით არ სარგებლობენ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ნინი მამულაშვილმა.

რუსთავის მიდგომებზე და სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე, რა თქმა უნდა, საინფორმაციო სააგენტომ ნინო ქვირიას პოზიციაც მოისმინა. ქვირიამ განგვიცხადა, რომ მუნიციპალიტეტები პრიორიტეტებს თვითონ ირჩევენ.

"სოციალურად დაუცველთა ბაზაში 150 000-მდე ქულა ნიშნავს, რომ საშუალოზე ოდნავ მაღალი მაცხოვრებელია ოჯახი. ძალიან მაღალი ქულაა ჩადებული. ეს უმწეობას არ ნიშნავს. თუ ამ კრიტერიუმში არ ზის ადამიანი, განურჩევლად ყველას თანხა რომ დაერიცხოს, მაგას ძალიან დიდი სახსრები სჭირდება. თუ ოჯახი შეძლებულია და კარგად ცხოვრობს, უსამართლოა მასზე განაწილდეს ის თანხა, რომელიც შეჭირვებული ოჯახის შვილებს უნდა მოხმარდეთ. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში 3 შვილიდან ითვლება მრავალშვილიანად, მათ ცოტა მოსახლე ჰყავთ და პოლიტიკა აქვთ ასეთი, რომ გაამაგრონ ხალხი მთაში, თუმცა რუსთავში სხვა მიდგომაა და ეს მიდგომა არის ყველაზე ოპტიმალური ქალაქის ბიუჯეტთან მიმართებაში", - აცხადებს ნინო ქვირია.

მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით, ამ კუთხით ქალაქში ცვლილებების განხორციელება დაგეგმილი არ არის.