რუსთავში კრიმინალი შემცირდა

2020-01-07 20:34:10

რუსთავში, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 267-ით ნაკლები რეგისტრირებული დანაშაული დაფიქისრდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

ოფციალური ინფორმაციით, ქალაქში კრიმინალი დაახლოებით 17%-ითაა შემცირებული, ხოლო 56.4%-ითაა გაზრდილი დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი.

"ინფო რუსთავი" დეტალურ მონაცემებს გთავაზობთ:

სსკ 19-108 მ.  -  2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, რუსთავში მკვლელობის მცდელობის 1 შემთხვევა რეგისტრირდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი არცერთი.

სსკ 115 მ.  -  2018 წლის 10 თვის მონაცემით, თვითმკვლელობამდე მიყვანის 76 შემთხვევიდან, 0%-ია გამოძიებული, ხოლო 2019 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის 72 შემთხვევიდან, 1, 39%. როგორც უწყებამ "ინფო რუსთავს" აცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რეგისტირებულ დანაშაულთან დაკავშირებით მოწოდებული მონაცემები, მოიცავს სრულ ინფორმაციას, როგორც სუიციდის, ისე ადამიანის ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალების და ა.შ. შემთხვევებს.

სსკ 126' მ.  -  2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, რუსთავში ოჯახში ძალადობის 272 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან გახსნილი იქნა 134 შემთხვევა.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდში დარეგისტრირებული 200 ფაქტიდან კი პოლიციამ 53,50%, ანუ 107 შემთხვევა გახსნა.

სსკ 137 მ.  -  აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 10 თვის მონაცემით, რუსთავში ფიქისრდება გაუპატიურების 1 ფაქტი და 100%-იანი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 შემთხვევა და აქედან გამოძიებულია მხოლოდ ერთი.

სსკ 177მ.  -  ერთწლიანი სხვაობა მნიშვნელოვან კონტრასტს გვაძლევს ქურდობის მუხლით აღძრულ საქმეებში. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, რუსთავში 553 ქურდობის ფაქტი დარეგისტრირდა, 2019 წელს კი 213-ით ნაკლები, ანუ 340 ფაქტი. პირველ შემთხვევაში, დანაშაულთა 17,54%-ია გახსნილი, მეორე შემთხვევაში კი დაახლოებით 10%-ით მეტი, 27,25%.

სსკ 178მ.  -  საგულისხმოა, რომ 2018 წელს, 10 თვეში, რუსთავში დაფიქსირდა ძარცვის 15 შემთხვევა. აქედან გაიხსნა დანაშუალის 7 შემთხვევა, რაც შეეხება 2019 წელს, შეინიშნება მნიშვნელოვანი კლება. დაფიქსირდა 6 ძარცვის ფაქტი და გაიხსნა 100%-ვე, ანუ 6-ვე ფაქტი.

სსკ 260-274 მ.მ.  -  გაზრდილია ნარკოდანაშაულის დარეგისტრირების მაჩვენებელი. 2019 წელს, იანვარ-ოქტომბერში, გაიხსნა 165 ნარკოდანაშაულის ფაქტი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 46.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში აღნიშნული დანაშაულებები არც 2018 და არც 2019 წლებში არ ფიქსირდება.