"კომპლექსები დავძლიე და ისევ ავმღერდი"

2020-01-05 13:17:27

დიდი პაუზა, პაუზა სიმღერის გარეშე, რუსთაველი ბიჭის ცხოვრებაში დღეს, "დიდ სცენაზე" საბოლოოდ დასრულდება. ცოტნე გელოვანმა ცხოვრების მთავარი ბრძოლა, ბრძოლა ყველაზე ძლიერ მეტოქესთან, საკუთარ თავთან, გამარჯვებით დაასრულა და საყვარელ საქმიანობას, სიმღერას დაუბრუნდა.

ახლა ოცნებების საბოლოოდ ახდენისთვის 20 წლის რუსთაველ ბიჭს გამარჯვება "რუსთავი 2-ის" მუსიკალურ პროექტში, "დიდ სცენაში" სჭირდება. ცოტნე უკვე ათეულშია და დღეს ის კონკურსის პირველ ლაივ კონცერტზე იმღერებს.

"30 კილოგრამი დავიკელი და შემდეგ ისევ ავმღერდი. წონის გამო უამრავი კომპლექსი მქონდა და ჩემი ყველა კომპლექსი ამ წონას გაჰყვა თან. მას შემდეგ, რაც ახალ სხეულში გავიღვიძე, ახალი ძალებით დავიწყე ჩემი საყვარელი საქმის კეთება. დავუბრუნდი სიმღერას და ხელი მოვკიდე სამუსიკო კარიერის მოწყობას",- უყვება ცოტნე "ინფო რუსთავს".

პირველი სასიმღერო გამოცდილება ღრმა ბავშობიდან, ფოლკლორული ანსამბლი "რუსთავიდან" დაიწყო, ახლა უკვე სოლო კარიერის მოწყობაზე ოცნებობს და რამდენიმე საავტორო სიმღერა მზადაც აქვს. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ ოცნებასთან რამდენიმე ნაბიჯი აშორებს და მისი  რელობად ქცევისთვის, მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა სჭირდება.

"ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მაგარ მუსიკოსებთან გვიწევს ურთიერთობა და თანამშრომლობა, რაც ჩემს მუსიკალურ ზრდას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, სატელევიზიო ფორმატი იძლევა საშუალებას, მეტი შანსი გაგიჩნდეს მუსიკალური კარიერის ასაწყობად. ამ მუსიკალურმა პროექტმა ძალიან ახლოს მიმიყვანა ჩემს ოცნებებთან", - ამბობს ცოტნე საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.

ცოტნე გელოვანმა კერძო სკოლა "რეცა" დაამთავრა. რუსთავი განსაკუთრებულად უყვარს და სჯერა, რომ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, ყველაზე მეტად სწორედ თანაქალაქელების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

იმისთვის, რომ რუსთაველ მომღერალს ოცნებების რეალობად ქცევაში დაეხმაროთ, დღეს, 5 დეკემბერს,  22:00 საათზე, "რუსთვი 2-ის" ეთერში უნდა უყუროთ ცოტნე გელოვანის გამოსვლას და იმ შემთხვევაში, თუ მისი შესრულება მოგეწონებათ, დაურეკოთ ნომერზე 0322 77 99 10. 1 აბონენტიდან 1 ზარის განხორციელებაა შესაძლებელი. ხმები დაფიქსირდება კონცერტის დაწყებიდან მისი მსვლელობის განმავლობაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები