რა ვითარებაა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში

2020-01-03 14:44:17

რუსთავში, ბავშვთა საავადმყოფოში, სეზონური ვირუსული ინფექციების გამო, პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია.

ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, 27 პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის. ყოველდღიურად კი, 30-დან 35 პაციენტამდე გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას იღებს.

"დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან უკვე აქტუალური გახდა სეზონური ვირუსული ინფექციები. მომართვიანობა სტაციონარში საგრძნობლად მოიმატა. თუმცა, სტაციონარი გათვლილია 40 პაციენტზე და ადგილები ნამდვილად გვყოფნის. შარშან ამ პერიოდისათვის მომართვიანობა გაცილებით მეტი იყო და ეპიდემიაზე სუბარი ნამდვილად ნაადრევია", - განაცხადა ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ მარინა აბულაშვილმა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, მარინა აბულაშვილმა, ვირუსული ინფექციების პრევენციის გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ: - "ვირუსის თავიდან ასაცილებლად, უნდა გაკეთდეს გრიპის ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ჩატარდეს შემოდგომით, სანამ დაიწყება ვირუსების პერიოდი. ასევე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ორგანიზმის იმუნური ძალების აწევაზე, აქ იგულისხმება ორგანიზმის გაკაჟება, სრულფასოვანი კვება, დილით ჰაერზე სეირნობა, ოთახის განიავება, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ. პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებლად საჭიროა იზოლირებული იქნეს პაცვიენტი, სასურველია წოლითი რეჟიმი, აუცილებელია სითხეებით დატვირთვა და სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება მაღალ ტემპერატურაზე"