დღესასწაულს ჯადოსნურს თოვლის ბაბუის არსებობა და საჩუქრები ხდის, საჩუქრები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან და აქვთ იმედი, რომ სანტა მათ სურვილებს აუცილებლად აუხდენს.
სწორედ ამიტომ ამ დღეებში ძალიან პოპულარული ხდება სერვისი "სანტა გამოძახებით".
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ რა დაუჯდებათ წელს მშობლებს ამ სერვისით სარგებლობა. რუსთავში სანტა კლაუსის გამოძახება 50 დარიდან 80 ლარამდე ღირს.
ღამის 11 საათამდე 50 ლარი, ხოლო 11 საათის შემდეგ 80 ლარი, რაც შეეხება ზეიმებს 70 ლარი.
პროგრამა არის ნახევარ საათიანი და თუ მომხმარებელს დამატებით დროის დათმობა სურს ფასიც შესაბამისად გაიზრდება.
" რუსთავში გაიზარდა მოთხოვნა ამ სერვისზე, ხალხს სურს თავისი პატარების გახარება და სარგებლობენ სანტის გამოძახების სერვისით, ნაკლებად იძახებენ ფიფქიას, ყველას მხოლოდ სანტა ურჩევნია. ყველაზე დატვირთული დღე 31 დეკემბერია. ძველით ახალ წელს გამოძახებების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც არის. ყველაზე ხშირად ოჯახებში გვეძახიან. ჩვენც, შესაბამისი საახალწლო პროგრამები გვაქვს, რომლითაც პატარებს ვართობთ."- "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა ერთერთმა პირმა, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული.
ინტერნეტში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთავაზებების ნახვაც. ფასები აქაც 50 ლარიდან იწყება და, როგორც წესი, 250 ლარამდე ადის. ფასს ძირითადად ოჯახში სტუმრობის დრო განსაზღვრავს.
ღამის 12 საათზე მოთხოვნა ყველაზე დიდია, შესაბამისად ფასიც ყველაზე მაღალია.
საახალწლოდ ამ ბიზნესში ბავშვთა გასართობ ცენტრებთან ერთად კერძო პირებიც ერთვებიან.