ინსპექტირება რუსთავის საწარმოებში

2019-12-29 11:02:15

რუსთავში ქალაქის მასშტაბით, ყველა სამრეწველო საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოწმება ჩაატარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, შემოწმების მიზანი იყო საწარმოებში არსებული პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ, იმისათვის, რომ მომავალში საწარმოებს კონკრეტული მოთხოვნები დაუწესონ.

"საკმაოდ კომპლექსური იყო დარღვევები, სხვადასხვა საწარმოს შემთხვევაში სხვადასხვაგვარი იყო. უმეტეს საწარმოებს ჰქონდა ფილტრების პრობლემა, იყო ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ყველა საწარმო მოვიცავით რუსთავში, და შესაბამისად პრობლემები იყო სხვადასხვაგვარი. რა თქმა უნდა იყო მსგავსი საკითხები, მათ შორის იგივე ფილტრების უქონლობა, რომელიც არის ერთ-ერთი აუცილებელი, იმისათვის, რომ საწარმომ იფუნქციონიროს იმგვარად, რომ ჰაერის დაბინძურება მაქსიმალურად ნაკლებად მოხდეს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"ინფო რუსთავის" კითხვას, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება საწარმოებთან დაკავშირებით და როდის მოგვარდება ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები? ნინო თანდილაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ: - "საწარმოო დაბინძურების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს კონკრეტული ქმედებები თითოეული საწარმოსათვის, რომლებსაც დაევალებათ ამ ღონისძიებების განხორციელება. დროის გარკვეულ მონაკვეთში ეს მიტანს შედეგს. მე ამ წუთას კონკრეტულად ვერ გეტყვით დროის გარკვეული მონაკვეთი რა იქნება, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ თუ კი საწარმოების მხრიდან ყველა იის დავალება იქნება შესრულებული რასაც სამინისტრო განსაზღვრავს ამათ ექნება დადებით ეფექტი"

აღსანიშნავია, რომ საწარმოები, რომლებიც არ შეასრულებენ გარემოს დაცვის ნებართვის პირობებს, ახალი, გაზრდილი საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ.