რუსთაველ კრიმინალურ ავტორიტეტს, კახა შუშანაშვილს ("კახა რუსთავსკი") საფრანგეთის, ქალაქ ექს-ან-პროვანსის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
სასამართლომ შუშანაშვილი განზრახ მკვლელობის შეკვეთაში სცნო დამნაშავედ, რომლის დროსაც კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, ვლადიმერ ჯანაშია ("ლადო") დაიღუპა.
ვლადიმერ ჯანაშია საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. გარდაცვლილის ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა, ბელგიიდან ჩასული ქილერის მეშვეობით. ფრანგული მედიის ცნობით, შუშანაშვილმა ჯანაშიაზე თავდასხმა ნიცაში განახორციელა, როდესაც სამკაციანმა ჯგუფმა მის ბინაში შეჭრა სცადა. მათ დაჯავშნულ კარს 60-ზე მეტი ტყვია ესროლეს, თუმცა ჯანაშიამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ბინიდან გაქცევა აივნიდან შეძლეს. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 18 მარტს ჯანაშია მარსელში მოკლეს. აღნიშნული საქმის ფარგლებში, სამუდამო პატიმრობა ასევე მიესაჯა დავით მაზანაშვილს.
ჯანაშიას მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით კიდევ სამი ქართველი გასამართლდა. მათგან ერთ-ერთი, ზურაბ ნადირაშვილი მხოლოდ ყალბი საბუთების გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ, მკვლელობასთან კავშირის ბრალდება კი მოუხსნეს, ის სასამართლომ გაათავისუფლა. საქმის კიდევ ორ ფიგურანტს, მიხეილ წულუკიძესა და მინდია კოზანაევს შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
47 წლის შუშანაშვილი ამჟამად სასჯელს ესპანეთის ციხეში იხდის, სადაც მას 2016 წლის მარტში 15 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, 2018 წლის ივნისში საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფრანგული მედია კახა შუშანაშვილის ძმაზე, ლაშა შუშანაშვილზეც წერს. მათი ცნობით, ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ევროპაში "ქართული მაფიის" ლიდერად მიიჩნევა, საბერძნეთის ციხეში იხდის სასჯელს. საქართველოში კახა შუშანაშვილს ძმასთან, ლაშა შუშანაშვილთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებენ.