რუსთავის საკალათბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ანატოლი ბოისა დაინიშნა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია. გადაწყვეტილება კლუბში ამის შესახებ რადენიმე დღის წინ მიიღეს.
ახალგაზრდა სპორტსმენი "ინფო რუსთავთან" საუბარში ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ყველა თამაშზე მაქსიმალური შედეგის ჩვენება იქნება.
"ეს საქმიანობა მიყვარს და კალათბურთისთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩემი მთავარი მიზანი, ყველა თამაშის სასურველ შედეგამდე მიყვანაა. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, თითოეულ წევრს და მე გვჯერა ჩვენი მიზნის. ვიცი, რომ შევძლებთ ვაჩვენოთ ძალიან კარგი და დინამიური კალათბურთი. სწორ გზას ვადგავართ, თუმცა ჯერჯერობით იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ და ბევრი შრომა გველის წინ. გუნდის თითოეულ წევრს კარგად ვიცნობ, მათთან ძალიან დიდი ურთიერთობა მაკავშირებს და მათი მჯერა", - აცხადებს ანატოლი ბოისა.
ცვლილებებთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" რუსთავის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტს, კობა კობიაშვილს დაუკავშირდა. როგორც კობიაშვილმა განგვიცხადა, გადაწყვეტილება ყოფილი მწვრთნელის, გიორგიოს კეცელიდისის ჩანაცვლების შესახებ კლუბში ერთობლივად იქნა მიღებული.
"ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა გიორგიოს კეცელიდისის. ამ ყველაფერს ისიც დაერთო თან, რომ შედეგი, რაც გუნდს ჰქონდა, არ გვაკმაყოფილებდა. თვითონაც განიცადა, რომ რასაც ელოდა, ის მიღწევები ვერ მიიღო, ამიტომაც აღნიშნული გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ", - აცხადებს კობა კობიაშვილი.
კობიაშვილის თქმით, ანატოლი ბოისა ახალგაზრდა და საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია. კლუბში ახალ მწვრთნელზე დიდ იმედებს ამყარებენ.
"გადავწყვიტეთ ადგილობრივი, ახალგაზრდა მწვრთნელის დანიშვნა. ანატოლი მუშაობდა გიორგიოსთან ერთად და საკმაოდ ნაყოფიერადაც იმუშავეს. საქმის კურსშია იმ პროგრამის, რა პროგრამაც გვაქვს დასახული. კომუნიკაბელურია, ინგლისური კარგად იცის და არ უჭირს გუნდის უცხოელ მოთამაშეებთან კომუნიკაცია. ნამუშევარი აქვს ისეთ სპეციალისტებთან, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვანი კლუბების მთავარი მწვრთნელები არიან. ახალგაზრდაა, თუმცა დიდი გამოცდილება აქვს", - განაცხადა კობა კობიაშვილმა.
როგორც რუსთავის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში, საკალათბურთო სფეროში მთავარი მწვრთნელების გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს, რასაც, მისივე თქმით, მიესალმება.