მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდა

2019-12-28 10:37:28

რუსთავის მერიის თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ხელფასის ზრდა, მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაზრდილი სამუშაო მოცულობიდან, ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ასევე მათი წახალისების მიზნით მოხდა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს რამდენიმე საჯარო მოხელეზე თანამდებობრივი სარგოების გაზრდა. 37 არის მერიის კოორდინაციის განყოფილებაში, აქ ეზრდებათ მეორე რანგის საჯარო მოხელეებს საერთო ჯამში ეზრდება 53 საჯარო მოხელეს", - განაცხადა მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ.

აღნიშნულ საკითხს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, მერიას არ აქვს მკვეთრად შემუშავებული სახელფასო პოლიტიკა.

"რუსთავის მერიას არ აქვს არგუმენტები, რატომ მოემატა ხელფასი მაინც და მაინც ამ 37 ადამიანს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ სხვა თანამშრომლებს, მაგალითად ტექნიკურ პერსონალს მეტად ჭირდება ამ ეტაპზე ხელფასის გაზრდა, მაგრამ რატომღაც ვერ მოიცალეს საერთოდ რომ ამ პრობლემაზე მუშაობა დაეწყოთ", - განაცხადა ნინო შატბერაშვილმა.

თანამშრომლებს, თანამდებობრივი სარგოები 150-200 ლარის ოდენობით გაეზარდათ.