ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყვითელი მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს მაშინ დაეჯახა როდესაც მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო 14 ადამიანი დაშავდა. [ვიდეო/video]
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
82 ნომერი მიკროავტობუსი ლილოს დასახლების მიმართულებით მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფდა.
ამდროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალები მუშაობენ, რომლებიც დაადგენენ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია.
„თბილისის მიკროავტობუსი“ კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინასწარი ვერსიით, მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. „კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.