"ბოდიში ლუკა!" [video]

2019-12-18 20:21:17

"ამ ცხოვრების დედაც!", "ბოდიში ლუკა!" - ამ შინაარსის ლოზუნგებით, რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. [ვიდეო/video]

მთავარი სამმართველოს წინ შეკრებილმა მოქალქეებმა აქცია-პერფორმანსით სოლიდარობა გამოხატეს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

"ამ აქციით ვუსამძიმრებთ ლუკას ოჯახს, მის ახლობლებს და გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარი ფაქტის გამო. გვინდა, რომ სისტემა, რომელიც ძალადობრივ საფუძველზე დგას, ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს. შეიცვალოს ჩვენს ქალაქში, რუსთავში, შეიცვალოს თბილისში, ბათუმში და მთელს საქართველოში. სწორი მესიჯი რომ მივაწოდოთ საზოგადოებას, ჩვენ მხოლოდ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ სისტემა", - აცხადებს აქციის მონაწილე პაპუნა პაპავა.

აქციის მონაწილეებმა მთავარი სსამმართველოს წინ სანთლები დაანთეს, სანთლებით კი შენობის წინ გარდაცვლილი მოზარდის სახელი "ლუკა" ეწერა.

შეგახსენებთ, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის ლუკა სირაძე საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. სავარაუდოდ, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა, კერძოდ კი, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.  გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები