"ნუ ღრიალებ ბიჭო!" [video]

2019-12-16 19:28:33

რუსთავში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ერთ-ერთი საკითხის განხილვამ ხმაური გამოიწვია. [ვიდეო/video]

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, კამათი, ბაგა-ბაღების მასწავლებლებისთვის პრემიის დამატებასთან დაკავშირებით დაიწყო. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების აზრით, უმრავლესობის წევრებს, უბრალოდ სურთ ქულების დაწერა ბაღის აღმზრდელებთან, სხვა თანამშრომლებთან და არსებობს სხვა იურიდიული ფორმა, რომლითაც შეეძლოთ, რომ ეს თანხები ისევ ბავშვების სასარგებლოდ მიემართათ.

"საერთო ჯამში, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები, რომ მასწავლებლებს საახალწლოს მიეცეთ ჯილდო. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვების კვების ხარჯზე გაკეთებული ეკონომია, რომელიც 13 000 ლარს შეადგენს, ეს თანხა ისევ გამოყენებულ იქნას ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნანა შატბერაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა განაცხადა, რომ: -"მე გეტყვით,იგეგმებოდა ჩვეულებრივად ჯილდოები უნდა გაცემულიყო, ეს არის ჩვენი სტრატეგია, რომ ვისაც აქვს დაბალი ხელფასი აუცილებლად მათ უნდა ჰქონდეთ წლის ბოლოს მაინც ჯილდო. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჩვეულებრივად აქვთ ტაქტიკა, რაღაც სლოგანს მოიფიქრებენ და მერე ბზრიალებენ ამ სლოგანის ირგვლივ. აქედან გამომდინარე მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ"

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და მასწავლებლებს, პრემიის სახით 200 ლარი დაერიცხებათ.

"ძირითადად, 83 000 ისევ ჩატრიალებულია ასე ვთქვათ, თანამდებობრივი სარგო იყო მასწავლებლების ხელფასებიდან დარჩენილი. რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომ ამით ბავშვებს რამე აკლდებათ, ამ შემთხვევაში მსგავსს არაფერს ადგილი არ ჰქონია, იქიდან გამომდინარე, რომ წლის განმავლობაში ბავშვებისთვის რა მომსახურებაც იყო გათვალისწინებული, ბავშვებს ეს მომსახურება ეძლეოდათ", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა.

ლევან კავთიაშვილის თქმით, სხვადასხვა მუხლებიდან ჯილდოსთვის 117 000 ლარი გამოიყო, რაც ეკონომიების ხარჯზე მოხდა.