2019 წლის 11 თვის მონაცენმით, რუსთავის ბიუჯეტის 75% ათვისებულია - ამის შესახებ საკრებულოში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიში წარუდგინა. კავთიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 64 მილიონი ლარიდან, მუნიციპალიტეტს დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტი აქვს ათვისებული. ადგილობრივ თვითმმართველობაში ფიქრობენ, რომ მიმდინარე წლის დასრულებამდე, 10-12 მილიონი ლარის ათვისება კიდევ მოხდება.
"შესრულებები მიმდინარეობს დაგეგმილის შესაბამისად. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო თვე არის წლის დეკემბერი და ამ თვეში ბიუჯეტიდს უფრო მეტი ფაქტიური ხარჯები დაფიქსირდება, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 90%-ზე მეტი იქნება წლიური ბიუჯეტის შესრულება. 11 თვის მონაცემებით, შესრულებულია ხარჯების 75%, 64 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარზე მეტი ათვისებულია და სავარაუდოდ, კიდევ ავითვისებთ 10-12 მილიონ ლარს", - აცხადებს ლევან კავთიაშვილი.
მოახერხებს თუ არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სრულად ათვისებას, ამის შესახებ მიმდინარე წლის ბოლო თვეში, დეკემბერში გახდება ცნობილი.