რუსთავიდან კოლონა დაიძრა [video]

2019-12-14 13:41:41

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას დღეს „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთავიდანაც შეუერთდებიან. [ვიდეო/video]

აქციაზე მიდიან რუსთავის თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები და ასევე სკოლის პედაგოგების ნაწილი. კოლონა რუსთავიდან უკვე დაიძრა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, თბილისში ევროსაბჭოს თავჯდომარეობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად რუსთავიდან 4000-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.

ქალაქის სხვადასხვა ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 100 ერთეული მიკროავტობუსი, 2 ავტობუსი და რამდენიმე ათეული მსუბუქი ავტომობილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ევროსაბჭის თავმჯდომარეობის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პარტია 14 დეკემბერს, საქართველოს ყველა რეგიონიდან იწვევს „ქართული ოცნების“ კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება. ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.