საიდან რუსთავში და საით რუსთავიდან

2019-12-15 00:40:58

არაფეისბუქური გივიკო - ასე მოიხსენიებს წარსულში საკუთარ თავს ახლა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ფეისბუქური პერსონა საქართველოში, ცნობილი ინტერნეტვარსკვლავი გივიკო დიდია. 

მომღერალმა ინტერნეტსივრცეში პოპულარობა მისი ტკბილხმოვანებით მოიპოვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ახლა გივიკოს გამომწერებისთვის სიმღერებზე არანაკლებ საინტერესო, მისი 74 წლის "ბებიე ნათკაა". გურული ბებია-შვილიშვილის ურთიერთობის ისტორია ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების დიდი ნაწილის ინტერესს იწვევს. ყველა თანხმდება, რომ გივიკო სამაგალითო შვილიშვილია, ნათია კი სამაგალითო ბებია.

ყველაფერი გურიიდან დაიწყო და ალბათ ჩვენი მკითხველის დიდმა ნაწილმა იცის კიდეც, რომ ცხოვრების 30 წლიან სავალზე, ერთ-ერთი გაჩერება რუსთავიც იყო.

გივიკო მანამ, სანამ მას სრულიად საქართველო გაიცნობდა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსთავში. რუსთავს ახლაც დადებითი ემოციებით იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ არც მისი მშობლიური ქალაქი და არც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არაა, უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ ამ ქალაქისგან თავადაც ბევრი სიყვარული მიიღო.

საიდან რუსთავში და საით რუსთავიდან? - ყველაზე საინტერესო “ინფო რუსთავისთვის” ინტერნეტვარსკვლავთან სწორედ ეს კითხვები იყო.

"რუსთავი ახლოს 2015 წელს გავიცანი. ვცხოვრობდი და პარალელურად ვმუშაობდი ამ ქალაქში. ვმღეროდი, ოღონდ არ დავასახელებ სად, მგონი ისედაც ყველამ იცის.  ყველაფერი საოცრად კარგად მახსენდება. ხალხმა რუსთავში დიდი სიყვარული მაჩუქა. ბევრს დღემდე რუსთაველი ვგონივარ და მინდა გითხრათ, რომ მართლა შინაურად ვგრძნობდი ამ ქალაქში თავს. დიდი გამოცდილება იყო მომავალი წარმატებისთვის", - ამბობს გივიკო დიდია "ინფო რუსთავთან" საუბარში.

რუსთავიდან წასვლის მიზეზად მშობლიური კუთხის მონატრებას ასახელებს. ამბობს, რომ ოჯახის წევრებისა და  საყვარელი ბებიას გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირდა, თუმცა, ინტერნეტვარსკვლავი სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამ ქალაქში დაბრუნებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მსმენელის გახარების მიზნით, გეგმავს რესტორანში მუსიკალური საღამო მოაწყოს.

გივიკო - როგორც საყვარელი შვილიშვილი, თუ გივიკო - როგორც კარგი მომღერალი, ამ ორ ამპლუას შორის უპირატესობას პირველს ანიჭებს. მისი თქმით, პირველ რიგში, თავს კარგად შვილიშვილის ამპლუაში გრძნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ღმერთივით უყვარს სცენა და სიმღერა.

ღმერთთან სიახლოვე, სიყვარული, თავისუფლება და სიკეთე - ინტერნეტვარსკვლავი "ინფო რუსთავთან" საუბარს ამ სიტყვებით ასრულებს და ამბობს, რომ გივიკო დიდიას ცხოვრებაში მთავარი ღირებულებები სწორედ ესაა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები