2020 წლის სოციალური პროგრამა

2019-12-13 20:58:10

რუსთავში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა, წლიური დაფინანსება 310 ლარით გაიზარდა - ამის შესახებ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

2-დან 15 წლამდე ბენეფიციარებს, რომლებსაც აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვთ, წლიური დაფინანსება 2300 ლარი ექნებათ.

"პროგრამა მოიცავს 10 სეანსის ჩატარებას თვის განმავლობაში. მთლიანობაში, თითოეულ ბავშვზე ბიუჯეტი არის გათვლილი 2300 ლარი წლიურად. თითოეული სეანსის ღირებულება იქნება 21 ლარი. მშოებელი თავად ირჩევს ცენტრს და ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 5 ცენტრი რუსთავში, რომლებიც ემსახურებიან ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს. პროგრამით სარგებლობისათვის, მშობელმა დეკემბრის თვეში უნდა მიმართოს რუსთავის მერიას", - განაცხადა რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსმა ირა მირჯანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა თანასწორობისთვის" ხელმძღვანელის ნინო ნანუაშვილის თქმით, თვეში 10 სეანსი ძალიან ცოტაა, რადგან ზოგ ბენეფიციარს სჭირდება ინტენსიური თერაპია და მშობელს თავად უწევს შემდეგ გადახდა.

"თითოეული სეანსისთვის გამოყვეს 21 ლარი. ორგანიზაციებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ფართი ვერანაირად ვერ იქნება ადეკვატური თანხა თერაპიის და მითუმეტეს, რომ ჩვენ ვჯდებით თბილისის ცენტრების სტანდარტში, გვყავს სუპერვიზია, რაშიც დამატებით თანხებს ვიხდით. გვყავს მაღალკვალიფიციური კადრი, შესაბამისად თანხობრივად ანაზღაურება მათთან განსხვავებულია. აქედან გამომდინარე ყველა შემთხვევაში, მშობელს მოუწევს თანხის დამატება ჩვენი დადგენილი ტარიფის შესაბამისად. კარგია, რომ რაღაც სიტემატურად დაფინანსდა და იმ 6 თვის შემდეგ ბავშვს, რომ არ ექნება დაფინანსება არ მოუწევს სახლში ჯდომა, 10 ვიზიტი მაინც ექნება, მაგრამ არ არის საკმარისი", - განაცხადა ნინო ნანუაშვილმა.

2020 წლის პროგრამა, 100 ბავშვზე იქნება გათვლილი, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 231 000 ლარი იქნება გამოყოფილი.

RUSTAVI