ტრენინგი რუსთაველი მასწავლებლებისთვის

2019-12-10 19:50:36

რუსთავის ინოვაციების ჰაბის პროექტ "მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის" ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგები ჩატარდება. ახალი აქტივობა 3 სკოლაში პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების შეტანას გულისხმობს

მე-6, მე-7 და მე-16 სკოლიდან ათ-ათი მასწავლებელი შეირჩა, რომლებსაც ტრენინგ-კურსი ჩაუტარდებათ, რათა მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ გადასცენ მოსწავლეებს ინფორმაცია და როგორ გამოიყენონ მოსწავლეებმა ეს ინფორმაცია ინოვაციურად.

ტრენინგი მიმართულია სკოლის მოსწავლეებში სოციალური და ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესესაკენ მიმართული ინიციატივების რაოდენობის გასაზრდელად, ასევე მეწარმეული უნარების განსავითარებლად.  პროცესის განსახორციელებლად, რუსთავის ინოვაციების ჰაბი, კომპანია "Future Laboratory"-სთან, ითანამშრომლებს, რომელიც 3 სკოლის მასწავლებლებს PBL (პროექტებზე დაფუძნებული სწავლების) მეთოდს შეასწავლის.  PBL (პროექტებზე დაფუძნებული სწავლების) მეთოდი, მოსწავლეებში განავითარებს 21-ე საუკუნისათვის მნიშვნელოვან უნარებს, შეასწავლის პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური გზების მოძიებას, სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.

პროექტის წარმომადგენლების თქმით, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შემდეგში მიეცემათ ინოვაციური იდეების განხორციელების საშუალება რაშიც ფაბლაბიც იქნება ჩართული და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.