მაგისტრალის რეაბილიტაცია იწყება

2019-12-10 17:23:42

2020 წელს რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო პროექტის განხორციელდება დაიწყება - ამის შესახებ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 250 მლნ. ევროს ოდენობის დაფინანსება სესხის სახით გამოუყო, რომელიც  საქართველოში საავტომობილო გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მოხმარდება.

"ალგეთი-სადახლო, ეს არის ჩვენი სამხრეთის საზღვარი და წითელი ხიდი. ეს არის, ის ორი მონაკვეთი, რომლის პროექტირება უკვე ბოლოში არის გასული და სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ 4 ლოტისგან შედგება და მნიშვნელოვანია, რომ სესხი უკვე დამტკიცებულია 250 მლნ. ევროს ოდენობით და ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე მზად არის ამ პროექტის განსახორციელებლად", - განაცხადა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ.