რუსთავში "სიყვარულის სკვერი" გაიხსნა [photo]

2019-12-09 18:36:09

"სიყვარულის სკვერი" - რუსთავში.

VII მიკრორაიონში, ახალი სკვერი გაიხსნა.

"ჩვენ" და არა "მე" ასე დაიწყო პროექტის განხორციელება იდეის ავტორმა, ამირან ჯანჯღავამ. რუსთავის საკრებულოს წევრმა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში სკვერის მოწყობა შიშველი ხელებით და ხალხის თანადგომის იმედად რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გაიხსნა ანგარიში სადაც ხდებოდა შემოწირულობა, ადგილობრივებს სკვერის კეთილმოსაწყობად მიჰქონდათ სხვადასხვა ნივთები, ხოლო ნაწილი ფიზიკურად შრომობდა. ტერიტორიაზე მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, კრეატიული ბიბლიოთეკა, დაიდგა სკამები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, მცირე ატრაქციონები და ასევე დაირგო ხეები.

ასე შეიქმნა ქალაქში ახალი სივრცე ადამიანების კომუნიკაციისთვის.

"მიმაჩნია, რომ დღეს ქართველ ერს ყველაზე მეტად, სამწუხაროდ, სიყვარული გვაკლია, ამიტომ გადავწვიტეთ ამ სკვერისთვის სიყვარულის სახელი დაგვერქვა და შეგვეხსენებინა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის სიყვარული, ეს არის ჩვენი მორალური, მუდმივი ვალდებულება", - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.

პროექტი, პირადი შემოწირულობებით, გაეროს განვითარების პროგრამით, რუსთავის მერიის მხარდაჭერითა და ორბელიანი საქართველოს პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.

"პროექტი ითვალისწინებდა სამოქალაქო ჩართულობას. იდეის ავტორების ორგანიზებით მოხდა მოქალაქეების მობილიზება. გაკეთდა ლამაზი სკვერი, მინდა მადლიერება გამოვხატო ადგილობრივების მიმართ, რომლებიც ეხმარებოდნენ გუნდის წევრებს ამ ყველაფრის გაკეთებაში. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, სამოქალაქო ჩართულობის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება", - განაცხადა ორბელიანი საქართველოს პროგრამების კოორდინატორმა ნინო გიორგაძემ.

"სიყვარულის სკვერის" მოწყობაში, მოხალისეები და ადგილობრივი მაცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.