"არა მეორადი ზეთის საწარმოს დავით გარეჯის ქუჩაზე", - ამ სლოგანით რუსთავში, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარედ, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც უახლოეს მომავალში მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება, აქცია გაიმართა. აქცია სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" ორგანიზებით მოეწყო. [ვიდეო/video]
როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, დავით გარეჯის ქუჩაზე, დასახლებული პუნქტიდან 340 მეტრის დაშორებით, ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმო არ აშენდეს. ეკოაქტივისტების თქმით, მანამ, სანამ არ შეიცვლება საწარმოს განთავსების ლოკაცია და ადგილმდებაორეობად არ განისაზღვრება მოსახლეობისგან მეტად დაშორებული ტერიტორია, აქციებს არ შეწყვეტენ.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გარეჯის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. ხელისუფლების წარმომადგენლები იმასთან დაკავშირებით, რომ შპს "ეკო ოილმა" ტერიტორიაზე მიწისზედა მოსამზადებელი სამუშაობი უკვე დაიწყო, საქმის კურსში აქციის მონაწილეებმა ჩააყენეს. როგორც ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, სამუშაების დასაწყებად ნებართვა ჯერ კომპანიას არ მიუღია და პროცესი, რომელსაც "ეკო ოილი" ახორციელებს, უკანონოა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გარეჯის ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს პირობა მისცა, რომ მანამ, სანამ მოსახლეობა ყველა საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ მიიღებს, მეორედი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა არ დაიწყება. რეხვიაშვილის ინფორმაციითვე, მუდმივ კონტაქტზეა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, უწყებაში კი მზად არიან, აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მათი მოთხოვნები მოისმინონ.
აქციის მონაწილეებმა შეკრების დასასრულს საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს და საწარმო "ჯეოსთილთან" გადაინცვლეს. ამ ფორმით მათ ზოგადად ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს.